34 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-17  
15:24:55

პრემიერი ვაჭრობის საკითხებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ვაჭრობის საკითხებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლის, მარკ პრიტჩარდის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მთავარი თემა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის „უორდროპის დიალოგის" ფარგლებში ეკონომიკური მიმართულებებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს და მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შედგება.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ელჩის მოადგილე ტიფანი სედლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.