23 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:59:50

„თედექს თბილისი“-ს მეხუთე, საიუბილეო ღონისძიება თბილისში 15 ოქტომბერს გაიმართება

By: Admin
2018-09-07 12:55:13
204

დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში #TEDxTbilisi 2017-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.

საქართველოს ბანკი უკვე მეხუთე წელია ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. მეხუთე ყოველწლიური ღონისძიება 2017 წლის 15 ოქტომბერს  ვ. სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ერთდღიანი კონფერენცია  „თედექს-თბილისი“, არის მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული  და პოპულარული  ინტელექტუალური  პლატფორმის „თედის“ (TED) ნებართვით და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია.

„უკვე  მეხუთე წელია Tedex თბილისის პარტნიორები ვართ, მოხარულები ვართ, რომ წელს შესაძლებლობა გვაქვს, დავაანონსოთ  2017 წლის კონფერენცია, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმის არსებობა საქართველოში, რადგან ქართველებს შესაძლებლობა აქვთ,  თავიანთი ინოვაციური იდეები, მოსაზრებები, გამოცდილობა გაუზიარონ და გააცნონ მთელ მსოფლიოს“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხათუნა კაკაბაძემ.

წლევანდელი, საიუბილეო კონფერენციის თემაა „ახალი ეტაპი“ (New Beginnings). მოწვეული სპიკერები  საკუთარი პროფესიული, თუ პირადი გამოცდილების ჭრილში ისაუბრებენ ახალი ეტაპის წამოწყების ისტორიებზე, გამოწვევებსა და  მიღებულ გაკვეთილებზე. „ახალი ეტაპის“ თემა აქტუალურია უშუალოდ  თედექს თბილისისთვისაც (TEDxTbilisi). დაარსებიდან ხუთი წლის თავზე  ისინი აქტიურად  ეძებენ  საქმიანობის განვითარების გზებს და ფიქრობენ იმ სიახლეებზე, რომლებსაც შეეძლებათ კიდევ უფრო ძლიერი ბიძგი მისცეს ინოვაციას ქართულ საზოგადოებაში. განვითარების ახალ ეტაპზე  გაქართულებულია თედის ფორმატი, რათა ინგლისურუი ენის  არცდოდნა არ გამხდარიყო ბარიერი  საინტერესო იდეების  გავრცელებისთვის. აგრეთვე, მიმდინარეობს მზადება  დამატებითი, უფრო მცირე მასშტაბის  ღონისძიებებისთვის, რომ გამრავალფეროვნდეს ფორმატი.

„2017 წლის ღონისძიებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყება 19 სექტემბრიდან ელექტრონულ პორტალზე www.tkt.ge. ბილეთის ფასი იქნება 35 ლარი. თედექს თბილისი არის არაკომერციული, მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის არსებობა შესაძლებელი გახდა სპონსორების და პარტნიორების მხარდაჭერით. მათ შორის განსაკუთრებით გვსურს გამოვყოთ საქართველოს ბანკი, რომელიც ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე გვიდგას გვერდზე და ჩვენთან ერთად შეაქვს წვლილი საზოგადოების  განვითარებაში ინოვაციური იდეების პოპულარიზაციის გზით. სპონსორების მიერ  გაღებული რესურსები და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ღონისძიების საორგანიზაციო ასპექტებს და გვეხმარება სპიკერებსა და  სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაში“,-აღნიშნა „თედექს-თბილისის“ წარმომადგენელმა მერი გაბაშვილმა.

„თედის“ ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, 15 ოქტომბრის ღონისძიების თითოეული მომხმარებლის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი პროფესიული კარიერის საუკეთესო პრეზენტაცია. სპიკერების ვინაობა და მათი საუბრის თემები გასაჯაროვდება ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე. თუმცა ორი სპიკერის ვინაობა უკვე ცნობილია. ესენი არიან-კომპანია „თამაშობანას“ დამფუძნებელი ნინო ჩიქოვანი და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური  დირექტორი გიორგი კეკელიძე. ნინო ჩიქოვანის თემაა  საშიში სათამაშოები:

„ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი სათამაშოები შემოდის საქართველოს ბაზარზე, რა მდგომაროებაა, როგორი რეგულაცია ხდება და რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები იყვნენ დაცულები“,-ამბობს ნინო ჩიქოვანი.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე  კი ისაუბრებს გზებზე და ადამიანებზე კაცობრიობის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე:

„ჩემთვის  ორმაგად საინტერესოა ინფორმაციის გადაცემის ეს გზა, რომელიც ერთის მხრივ გულისხმობს კონკრეტულ ამბავს და მეორეს მხრივ გულისხმობს გადმოცემის ემოციურობას“,-განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

„თედექს-თბილისი“ არის „თედექსის“ გლობალური კონფერენციებისა და ღონისძიებების ქსელის წევრი, რომლის ზოგადი მიზანი არაორდინარული, საინტერესო, შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. „თედექსი“ არის „თედის“ საერთაშორისოდ სახელგანთქმული კონფერენციის ნებართვით, ადგილობრივ დონეზე  და ადგილობრივი  ძალებით ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც „თედის“ ცნობილი კონფერენციების მოყვარულ  ადამიანებს აერთიანებს. „თედექსის“ საერთო ნიშანში მითითებული (x)  სწორედ ამგვარად, დამოუკიდებლად ორგანიზებულ „თედის“ ღონისძიებაზე მიუთითებს.  „თედის“ ცნობილი ორგანიზაცია ზოგად ხელმძღვანელობასა და  მონიტორინგს  უწევს მთელს მსოფლიოში ლოკალურად ორგანიზებულ „თედექსის“ კონფერენციებს, თუმცა ცალკეული „თედექს“ ღონისძიებები, ამავდროულად, არსებითად დამოუკიდებლად დაგეგმილ ინიციატივას წარმოადგენენ.

„თედი“ არის  არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მისია სხვადასხვა სფეროში აღმოცენებული განსაკუთრებული და შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. თედის პირველი, 4 დღიანი კონფერენცია 26 წლის წინ, კალიფორნიაში შედგა. დროთა განმავლობაში „თედი“ მთელ მსოფლიოში პოპულარულ და ცნობად ფორუმად იქცა, რომელიც კრეატიული ინიციატივების, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და  არაორდინარული  იდეების გავრცელებას უწყობს ხელს.  ამ მიზნისთვის „თედი“ მსოფლიოს მოწინავე მოაზროვნეებსა და საზოგადო მოღვაწეებს იწვევს  და აკისრებს მათ, 18 წუთიანი პრეზენტაციის ფორმატში, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო სიტყვით გამოსვლის საპასუხისმგებლო ამოცანას. „თედის“ ეგიდით გაკეთებული  მოხსენებები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის ორგანიზაციის ვებგვერდზე: www.ted.com. „თედის“  კონფერენციების მონაწილეთა შორის არიან ისეთი ცნობილი და დამსახურებული მომხსენებლები, როგორებიცაა ბილ გეითსი, ჯეინ გუდალი, ელიზაბეთ გილბერტი,  სერ რიჩარდ ბრენსონი, ბენუა მანდელბროთი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონიო-იუელა, ისაბელ ალენდე და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი. ყოველწლიურად „თედის“ ორი ძირითადი ღონისძიება ეწყობა-საგაზაფხულო „თედ“ კონფერენცია კალიფორნიაში, ლონგ-ბიჩში, ხოლო საზაფხულო „თედ-გლობალ“ კონფერენცია-შოტლანდიაში, ედინბურგში.

„თედის“ მედია არხები მოიცავს  ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდს www.ted.com-ს, რომელზეც ყოველდღიურად ახალი მოხსენებები თავსდება. აგრეთვე „თედ საუბრებს“, რომლებიც ერთგვარ სადისკუსიო სივრცეს ქმნიან „თედის“ გულშემატკივრებისათვის და „ღია თარგმანის პროექტს“, რომლის ფარგლებშიც მოხალისეებს ეძლევათ შესაძლებლობა, „თედ“ მოხსენებები სხვადასხვა  ენაზე თარგმნონ (იქნება სუბტიტრები და ინტერაქტიული ტრანსკრიფციები).

„თედს“ აგრეთვე დაწესებული აქვს ყოველწლიური პრიზი, რომლითაც გამორჩეულ პიროვნებებს, საინტერესო იდეების ავტორებს ეძლევათ ამ იდეების  ხორცშესხმის და ამ გზით მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობა. გარდა ამისა, „თედის“ გულშემატკივრებს-ცალკეულ პიროვნებებს, თუ საინიციატივო ჯგუფებს-„თედექსის“ საშუალებით შეუძლიათ ადგილობრივ, ლოკალურ „თედ“ ღონისძიებებს უმასპინძლონ, მსოფლიოს  ნებისმიერ  კუთხეში. „თედის ფორმატში  ასევე არსებობს სპეციალური „თედ პროგრამა“ (TED Fellows program), რომელიც  ეხმარება ინოვატორებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, გახდნენ „თედის“ საზოგადოების წევრები და ამ გზით გაზარდონ/გააძლიერონ მათი იდეებისა და პროექტის პოზიტიური გავლენა და ეფექტი.

მომავალი „თედ-კონფერენციების“ შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ted.com/registration; დამატებითი ცნობების მიღება აგრეთვე შესაძლებელია „თედის“ ანგარიშებზე Twitter-სა და facebook-ზე: http://twitter.com/TEDTalks და http://www.facebook.com/TED

 

®