10 °C თბილისი, საქართველო | 2017-11-18  
19:36:56

სარეიტინგო კომპანია MOODY’s -მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა

By: Admin
2017-09-11 18:50:02
204

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო  მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა. 

ამ დროისთვის, Moody’s-ის რეიტინგი Ba2 ყველაზე მაღალი პოზიციაა, რომელიც საქართველოს სხვა საერთაშორისო რეიტინგებში (Standard & Poor’s; Fitch) უკავია.

ქუმსიშვილის განცხადებით, მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ერთი საფეხურით გაუმჯობესების მიზეზად 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება.

„Moody’s-ის შეფასებით, ამ პერიოდში, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგინა მაშინ, როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში, ან რეცესიის პირას იმყოფებოდა.

სარეიტინგო კომპანია, ასევე, ხაზს უსვამს ეკონომიკისა და ინსტიტუტების  სიძლიერეს -  ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ადასტურებს, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივას.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სარეიტინგო სააგენტო კვლავ ელის ეკონომიკისა და შოკებისადმი მდგრადობის გაძლიერებას და დადებითად აფასებს ეკონომიკის დივერსიფიკაციისკენ მიმართულ მიმდინარე ღონისძიებებს.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერსპექტივად აღიქმება ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. სააგენტოს განცხადებით, ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან დაახლოება, ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

Moody’s-ის განცხადებით ახალი, დამაჯერებელი რეფორმები მომავალში დადებითად აისახება საქართველოს საკრედიტო მდგომარეობაზე. სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ფისკალური რეფორმების ეფექტურობა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და დანაზოგების გენერირებას.

სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული რეფორმები, რომლებიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენაა მიმართული. საპენსიო რეფორმა, ფისკალური რეფორმები განხილულია, როგორც საკრედიტო მდგომარეობის პერსპექტიული გაუმჯობესების წყარო.

საკრედიტო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება შესაძლებელია შიდა დანაზოგების ზრდით, საგარეო მოწყვლადობის შემცირებითა და დივერსიფიკაციის ხელშემწყობი ეკონომიკური რეფორმებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი Ba2 პოზიტიური სიგნალია უცხოელი პარტნიორებისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას.

„მნიშნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანია „Moody’s“-სთან საქართველოს ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართა არაერთი შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები,  მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმით მიმდინარე ღონისძიებები, რომელიც ქვეყანაში მდგრად  ეკონომიკურ ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

Moody’s-ის განახლებული საკრედიტო რეიტინგი, მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით, საბანკო სისტემისთვის, მიიღონ სისტემური მხარდაჭერა და გრძელვადიანი ფინანსური რესურსები ეკონომიკის დაკრედიტებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)