31 °C თბილისი, საქართველო | 2017-09-19  
17:37:24

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა

By: Admin
2017-09-11 16:59:20
204

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა დიდი მნიშვნელობა იმის, რომ სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მიესალმება მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

ამასთან, შეხვედრაზე ითქვა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას და მის მიზნებს.

კერძოდ, აღინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მნიშვნელობა როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ქვეყნის სოციალურ განვითარებას ისახავს მიზნად.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საპენსიო რეფორმაზე.

შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია.

 

 

(NS)