24 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:49:52

„საქართველოს რკინიგზა“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ბრალდებებს პასუხობს

By: Admin
2018-09-07 12:57:03
204

სს „საქართველოს რკინიგზა“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ბრალდებებს ეხმაურება.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალში რეორგანიზაცია განხორციელდა და თანამშრომლებს ალტერნატიული სამუშაო ადგილები შესთავაზეს.

მათივე ინფორმაციით,  თანამშრომლები უზრუნველყოფილები არიან საცხოვრებელი პირობებით და ტრანსპორტირებით. 

ჩვენ შევეცადეთ ჩვენი კოლეგები არ დაგვეტოვებინა სამსახურის გარეშე, შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს შევთავაზეთ ალტერნატიული სამუშაო ადგილები. სალიანდაგო დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათივე თანხმობით, შეეცვალათ სამუშაო ადგილი და პირობები. რკინიგზის რამდენიმე თანამშრომელი გადავიყვანეთ სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის თბილისი-სადახლოს სარკინიგზო მიმართულებაზე, გაზრდილი დატვირთვის გამო. რეორგანიზაცია განხორციელდა, რადგან კომპანიას სჭირდებოდა თანამშრომელთა ოპტიმალური გადანაწილება საჭიროების და დატვირთვის შესაბამისად.

საქართველოს რკინიგზამ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები თანამშრომლებთან, რათა მათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და იმ ალტერნატივის შესახებ, რასაც მათ კომპანია სთავაზობდა. აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრების დროს არცერთ თანამშრომელს ცვლილებების საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუხატავს. უკლებლივ ყველა თანამშრომელმა  განაცხადა წერილობითი თანხმობა შრომითი პირობების არსებით. თანამშრომლებთან შეხვედრები ჩატარდა რეორგანიზაციის შემდეგაც. კერძოდ, 2 და 4 აგვისტოს შეხვედრას თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებიც თ. დვალიშვილი და ი. ლეჟავა. ამიტომ მედიაში გამოქვეყნებული განცხადება, რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლობაზე და შეხვედრაზე უარის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს. 

რკინიგზა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს განცხადებაში გამოთქმულ პრეტენზიებს.  გადაყვანილი თანამშრომლები უზრუნველყოფილები არიან საცხოვრებელი პირობებით და ტრანსპორტირებით.  გარდა ორი პიროვნებისა, რომლებსაც ახალი პროფკავშირის წევრები იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სხვა გადაყვანილი თანამშრომლები ახორციელებენ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებაში  ნახსენები თანამშრომლები გარკვეული პერიოდია არიდებენ თავს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, საქართველოს რკინიგზას ისინი დღემდე არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან და 8 აგვისტოს მათ კიდევ ერთხელ ოფიციალურად გაეგზავნათ შეხსენება, სამსახურში გამოცხადების თაობაზე.

ამასთანავე, შემაშფოთებელია ის ტენდენცია, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები პერმანენტულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს რკინიგზას.

სამწუხაროდ, ამ გარემოების გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას რეალურ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად ამოძრავებს პოლიტიკური მიზნები და წინასაარჩევნო გააქტიურება, რაც უკავშირდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ინტერესების განხორციელებას და არა რკინიგზელთა უფლებების დაცვას“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

(NS)