25 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-26  
08:12:31

„დიდი ჟულიკობა“ - რა კავშირია ბაზრობების დაწვასა და თბილისის გენგეგმას შორის

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

თბილისს ხანძარი ისე შეეჩვია, როგორც მუხას მუმლი შეეჩვევა ხოლმე. ცეცხლი განსაკუთრებით სავაჭრო ობიექტებს, კერძოდ, ბაზრობებს ემტერება. შესაბამისად, უკვე დიდი ხანია, მუსირებს ვერსია, რომ ამ ე.წ. სტიქიურ უბედურებებს პოლიტიკური სარჩული უდევს, ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ხანძარს, კონკრეტული ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით, ვიღაც მიზანმიმართულად აჩენს.

ეს ვერსია, რასაკვირველია, აპრიორი, ჭეშმარირეტბა არ არის, მაგრამ არსებობის უფლება აქვს. ამიტომ, ურიგო არ იქნება თუ ამ კუთხით გამოძიებაც იმუშავებს, თუმცა ვიდრე სამართალდამცავები „შედეგს დადებენ“, მოდით, სირღმეებში ჩავიდეთ და დამწვარი ბაზრობების ერთგვარი ანატომია შევადგინოთ.

ზოგადად, ხანძარისგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაზღვეული არავინ და არასოდეს არის, მაგრამ ბოლო წლებში სხვადასხვა ობიექტზე ცეცხლი წარამარა ჩნდება. შესაბამისად, ეჭვს, რომ ყველაფერ ამით შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური ლინკები ინიღბება, ლეგიტიმური უფლება აქვს.

ყველაფერი კი 2012 წლის 15 დეკემებრს დაიწყო, როცა ცეცხლში ლილოს ბაზრობა გაეხვა. რამდენიმე თვის შემდეგ, კერძოდ, 2013 წლის 26 თებერვალს ხანძარი სავაჭრო ცენტრ „საბაში“ გაჩნდა. იმავე წელს, ზაფხულში, „ევროპარკი“ დაიწვა. 2014 წლის 16 დეკემბრს ცეცხლის ალი ჯერ ე.წ. ბოშათა ბაზარს მისწვდა, მერე კი - „ელიავას ბაზრობას“. მიმდინარე, ანუ 2017 წლის 29 ინავარს ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გაჩნდა, დაახლოებით, ერთი თვის წინ კი ცეცხლი, უკვე მეორედ, ელიავას ბაზრობას მოედო.

აღსანიშნავია, რომ ელიავას ხელმეორედ გადაწვიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, დედაქალაქის პოლიტიკურმა ინსტემბლიშმენტმა თბილისის გენგეგმის პროექტის ე.წ. სახალხო განხილვები დაიწყო. საქმეში ჩახედულნი და სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს გენგეგმა „ჟულიკურია“ და თბილისს უამრავ უბედურებას მოუტანს. შესაძლოა, არც უამისობაა, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ამჯერად კი, იმის გარკვევას შევეცადოთ, არსებობს თუ არა კავშირი ზემოხსენებულ ხანძრებსა და გენგეგმას შორის?

„იმას, რასაც ახლა ვიტყვი, ვიცი, დიდი ხმაური მოჰყვება, მაგრამ მე, პირადად, მგონია, რომ ხანძრებს ვიღაც შეგნებულად აჩენს. ეს ეჭვი მას შემდეგ უფრო გამიმძაფრდა, რაც ნარმანიამ და მისმა ხელქვეითებმა საზოგადების სხვადასხვა ფენას თბილისის განვითარების გენგეგმა დიდი „ცამპა-რუმპით“ წარუდგინეს. მართალია, პროფესიონალი არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ ამ საქმის სხვაზე მეტი გამეგება და დამერწმუნეთ, თუ ისე მოხდა, რომ ეს გენგეგმა დამტკიცდა, თბილისი ასაფეთქებლად გამზადებულ ნაღმს დაემსგავსება, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს გენგეგმა, რომლის შედგენაზეც ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონები დაიხარჯა, ხალხის კეთილდღეობას კი არა, ცალკეული „ტიპების“ ბიზნესინტერესებს მოემსახურება,“ - ამბობს პიროვნება, რომელიც გარკვეული მოსაზრებების გამო, ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

ჩვენ, რასაკვირველია, დავინტერესდით, თუ ვისი ან რა სახის ბიზნესინტერესები შეიძლება იყოს შენიღბული გენგემის პროექტით. ფარულმა რესპონდენტმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, თუმცა ერთი მინიშნება გააკეთა:

„ჟურნალისტები ხართ და დაინტერესდით, „სითი ინსტიტუტი-საქართველო“, რომელმაც თბილისის მიწათმოქმედების გენერალური გეგმის პროექტი შექმნა, როდის დაფუძნდა?

სხვისი არ ვიცი, პირადად ჩემთვის კი საეჭვოა ის გარემოება, რომ ეს ორგანზიაცია ბაზარზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც თბილისის გენგეგმაზე კონკურსი გამოცხადდა, ანუ ჩემი ვარაუდით, ეს კომპანია სპეციალურად იმისთვის დააფუძნეს, რომ გენგეგმის პროექტი შეედგინა. ასევე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ უკან ყოფილი ან მოქმედი ჩინოვნიკები იდგნენ, რომელთაც გარკვეული ინტერესები სამშენებლო ბიზნესში აქვთ.

სხვათა შორის, დაფუძნების დღიდან, „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ წარმომადგენლები ძალიან საეჭვო განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, გასული წელს, თუ არ ვცდები, ნოემბერში, მამუკა სალუქვაძემ, რომელიც „სითი ინსტუტუტი-საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, რამდენიმე ბაზრობა დაასახელა და განაცხადა, კარგი იქნება, ამ ტერიტორიებზე რეკრეაციული ზონები მოეწყოსო. ისე არ გამიგოთ, რომ ვინმეს რამეში ბრალს ვდებ და არც რეკრეაციული ზონების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ სალუქვაძის განცხადებიდან არ გასულა დიდი დრო და, რამდენიმე ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ეს შეიძლება, უბრალო დამთხვევაა და მეტი არაფერი, მაგრამ საინტერესოა, ხანძარი სწორედ იმ ადგილებში რატომ ჩნდება, სადაც სალუქვაძე და მისი „სასტავი“ ვითომ რეკრეაციული ზონების მოწყობას აპირებენ?

ისე, ყურმოკვრით ვიცი, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში, ხანძარს წინ კონკრეტული ტერიტორიის მეპატრონეებთან არაოფიციალური მოლაპარაკებები უძღოდა - ზოგს სთავაზობდნენ, რომ თუ ტერიტორიას დათმობდა, მინიმალურ თანხას გადაუხდიდნენ, ზოგს კი შეაპარეს, თუ არ გინდა, პრობლემები შეგექმნას, სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოო და ის პირებიც დუსახელეს, ვისთვისაც ფული უნდა მიეცა, მაგრამ ამ გარიგებაზე, როგორც მე ვიცი, არავინ წავიდა. საბოლოოდ კი ის მივიღეთ, რომ თითქმის ყველა ადგილას, რომელიც გენგეგმის პროექტის მიხედვით, თითქოს სარეკრეაციო ზონა უნდა გახდეს, ხანძარი გაჩნდა. ზუსტად ეს გარემოება მიმაჩნია საეჭვოდ.“

ჩვენთვის რომ ვთქვათ, კონფიდენციალური რესპონდენტის ეჭვი ლეგიტიმურია და აი, რატომ: დავუშვათ, ერთ ან ორ ბაზრობაზე უსაფრთხოების სისტემა შესაძლოა, მართლაც მოწესრიგებელი იყო, მაგრამ უბრალოდ, გამორიცხულია, რომ გახშირებული ხანძრების ფონზე, სავაჭრო ობიექტების მფლობელებსა და მეპატრონეებს იგივე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გამართვაზე არ ეზრუნათ. იმასაც იძახიან, რომ ელიავას ბაზრობაზე ყოველდღიურად 7 საათზე დენს თიშავენ, ბოლო ხანძარი კი ათის ნახევარზე აგუზგუზდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხანძრებმა მხოლოდ მოვაჭრეები კი არა, ბაზრობების მფლობელებიც დააზარალა. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აკეთებს, რაღა თქმა უნდა, რისკებსაც ითვალსიწინებს და, მინიმუმ, იმაზე მაინც იზრუნებს, რომ ისეთი სტიქიური უბედურება, როგორიც ხანძარია, თავიდან აიცილოს, მაგრამ თუ გავყვებით ვერსიას, რომ ხანძრებს ვიღაც შეგნებულად აჩენს, მაშინ მიზანმიმართულ საბოტაჟს ყველაზე ულტრათანაედროვე დაცვის სისტემაც კი ვერ გაუმკლავდება.

ერთი სიტყვით, საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს, რომ ხანძრებსა და თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტს შორის არსებულ ფარულ კავშირზე ეჭვი გაჩნდეს. ეჭვი, რა თქმა უნდა, აპრიორი, ჭეშმარიტება არ არის, მაგრამ ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. ამიტომაც, არსებობის უფლება ამ ვერსიასაც აქვს...

 

(NS)