25 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-26  
08:12:46

ამერიკულ კომპანია SSA Marine-ს ანაკლიის პორტი 20-წლიანი მართვის უფლებით გადაეცემა

By: Admin
2018-09-07 12:57:45
204

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ოპერატორთან, მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-თან შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ცერემონიამდე პრემიერმა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“  დამფუძნებლებთან შეხვედრა გამართა და მხარეებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გეგმები, საქართველოსა და აშშის ეკონომიკური პარტნიორობა და საქართველოს საინვესტიციო გარემო განიხილეს.

 „კონტი ჯგუფის“  შემდეგ SSA Marine-ი მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცემა.

 „ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გვეძლევა საშუალება გავხსნათ საქართველოს საზღვაო კარიბჭე და მოვნიშნოთ ანაკლია მსოფლიო რუკაზე, გადავაქციოთ ის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ჰაბად. SSA Marine-ის მსგავსი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის მიერ ქართულ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.  

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine-ი ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ოპერირებს  და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. SSA Marine-ი დიზაინის, ოპერირების და პროექტების განვითარების თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების სტანდარტებს ამკვიდრებს, რითაც კომპანიამ უკვე შეძლო მსოფლიოში სატერმინალო ოპერაციების ტემპებისა და ეფექტურობის მნიშვნელოვნად გაზრდა.

 ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ამ დროისათვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უკვე შეიმუშავა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმა და პორტის წინასწარი დიზაინი; განახორციელა 50-ზე მეტი სახმელეთო თუ საზღვაო ეკოლოგიური და საინჟინრო კვლევა სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებისთვის. დაწყებულია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წელს უნდა ამოქმედდეს.

 ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. იგი ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ანაკლიის პორტი აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. პორტის პირველი ფაზის გახსნა და პირველი გემების მიღება 2020-2021 წლებში იგეგმება. 

 ანაკლიის პორტის მიმდებარედ იგეგმება ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაც. ქალაქი ანაკლია მოიაზრება როგორც მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული „მომავლის ქალაქი“. 

 ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უპირატესობები - სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, ლოგისტიკური სერვისების შესაძლებლობა და გაფართოების პერსპექტივა საქართველოს რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად, ხოლო აბრეშუმის გზის ისტორიულ მარშრუტზე სტრატგიულ კვანძად აქცევს.  ანაკლიის პორტი, რომელსაც უკვე უწოდეს „საუკუნის პროექტი“, რეგიონში დამატებითი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების წინაპირობაა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აერთიანებს, ერთი მხრივ, საქართველოში დაფუძნებულ „თიბისი ჰოლდინგს“ (TBC Holding LLC ), და  მეორე მხრივ, „კონტი ინტერნეშენალს“ (Conti International LLC), რომელიც  წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს. კონსორციუმის პარტნიორთა შორისაა წამყვანი საზღვაო-სამშენებლო კომპანია Van Oord-ი, რომელმაც ანაკლიაში წინასამშენებლო საზღვაო-საინჟინრო სამუშაოები განახორციელა. SSA Marine-ი პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა.