24 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:44:58

„თიბისი“ 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს

By: Admin
2019-06-27 16:04:40
204

თიბისი ბანკი 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, დამატებით პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს გამოუშვებს.

აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან თითქმის ორჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. წლიური საპროცენტო განაკვეთი 10,75 %-ით განისაზღვრა. ეს იქნება მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი ემისია კავკასიის რეგიონში, ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით.

„ეს ტრანზაქციები შედგება ორი ემისიისგან: ერთი ემისია დასრულდა გუშინ, ეს იყო 125 მილიონი და ეს არის კაპიტალის ინსტრუმენტი. აქ გვაქვს ფასთან საქმე 10.5-თან, რომელიც ამ რეგიონში, ყველაზე დაბალი ფასია. 300 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რომელიც დაიხურა ორი კვირის წინ, აქაც უპრეცენდენტოდ საუკეთესო ფასი გვაქვს, ყველაზე უკეთესი ფასი, რაც მანამდე ყოფილა საქართველოდან გამოშვებული, - 4.5%. ანუ, სულ ვსაუბრობთ, რომ იყო ერთად 425 მილიონი დოლარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ორივე ინსტრუმენტზე ერთად თუ დავაჯამებთ, ინტერესი დაახლოებით მილიარდ დოლარამდე იყო“, - განაცხადა "თიბისი"-ს ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ.

ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 3 ივლისს განთავსდება. დაგეგმილია ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებაც, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული  ბირჟის და საბანკო სექტორის ისტორიაში და  ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.

ობლიგაციები გამოშვებული იქნება ბაზელ 3 სტანდარტების მიხედვით და ჩაითვლება თიბისი ბანკის პირველად კაპიტალში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ბანკის კაპიტალიზაციის დონეს.

„აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს, თიბისი ბანკის მიერ  300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების  ევროობლიგაციები განთავსდა როგორც ირლანდიის, ასევე საქართველოს საფონდო ბირჟებზე. ორი კვირის განმავლობაში, თიბისის მიერ მოზიდული ჯამური თანხა 425  მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „საერთაშორისო ინვესტორებისგან 125 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი კაპიტალის და 300 მილიონი ევროობლიგაციების მოზიდვა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი ბანკის და ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ დონეს. დამატებითი კაპიტალი და ევროობლიგაციები საშუალებას მოგვცემს, განვაგრძოთ ბანკის სწრაფი და დინამიური ზრდა და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის და  ქართული ბიზნესების განვითარებას", - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ტრანზაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია - თიბისი კაპიტალთან ერთად.  Baker & McKenzie და  Dentons  Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი ბანკის იურიდიული მრჩევლები, ხოლო, LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესებს წარმოადგენენ.

 

 

(R)