17 °C თბილისი, საქართველო | 2019-05-23  
23:01:35

კირვალიძე: კერძო სექტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს სიღარიბისა და შიმშილის დაძლევის მიმართულებით

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)-ს ხელმძღვანელის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 

FAO- ს ახალი ლიდერის არჩევნები, 23 ივნისს, რომში გაიმართება. მანამდე კი, დავით კირვალიძე, გაეროს შტაბ-ბინაში, მსოფლიოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელ პირებსა და ელჩებს შეხვდა, სადაც მან ბიზნესიდან წასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე პაუზის შემდეგ ის გაორმაგებული ენერგიით უბრუნდება თავის საქმეს. 

შეხვედრაზე დავით კირვალიძემ FAO- ს ტრანსფორმაციისა და სამომავლო ცვლილებების განხორციელების კუთხით თავისი ხედვა წარადგინა. საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) ახალი რეფორმების განხორციელებისთვის ემზადება.  

დავით კირვალიძე FAO- ს "შესაძლებლობების შემქმნელ ორგანიზაციას" უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება. 

ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესკონფერენციაზე FAO-ს ხელმძღვანელობის ქართველმა კანდიდატმა განაცხადა, რომ ის მსოფლიოს ყველაზე ღარიბ რეგიონებში ინოვაციების დანერგვასა და ახალი ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს. 

მისი ინიციატივით ყოველწლიურად გაიმართება საინვესტიციო კონფერენცია,  ახალგაზრდა ლიდერებს საშუალება ექნებათ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით  გაიარონ სტაჟირება, ასევე ელექტრონული კომერციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნება სპეციალური ოფისი. 

დავით კირვალიძე საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში გამოიყენებს. ის სიღარიბისა და შიმშილის დაძლევის მიზნით ბიზნესზე ორიენტირებულ მიდგომას ირჩევს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებლად დაასრულებს ბიუროკრატიულ მმართველობას FAO- ში .

 

(NS)