18 °C თბილისი, საქართველო | 2019-05-23  
22:54:53

მაჭავარიანი: სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია

By: Admin
2019-04-23 18:46:59
204

სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებთან ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად რეგიონში განვითარებული არასახარბიელო მდგომარეობისა, ქვეყანა მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მომავალ ხუთწლიან პერიოდში, რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიღწევა. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება",  - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მცირდება ქვეყნის ტრადიციული მაკროეკონომიკური გამოწვევები, როგორიცაა: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია. ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი უმუშევრობა და სიღარიბე. როგორც მან განაცხადა, ამ პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია.