6 °C თბილისი, საქართველო | 2019-04-22  
12:10:34

ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში  19,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 16%-ით მეტია.

ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 39% (1032400 ბოთლი), ჩინეთი - 23% (1372839) და აშშ - 165% (182025); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიტვა - 21% (134376), ესტონეთი - 18% (142112), საფრანგეთი - 41% (34170), შვედეთი - 313% (9000), ბულგარეთი - 161% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით:  რუსეთი - 15% (13279083), ბელარუსი - 36% (317280), მონღოლეთი - 7% (66012) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი  (13279083), უკრაინა (1419222),  ჩინეთი  (1372839), პოლონეთი (1032400) და ყაზახეთი  (560460).

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია ღვინო „ქინძმარაული" – 3677356 ბოთლი, მას მოსდევს „მუკუზანი" – 1209406, „წინანდალი" – 890458, „ახაშენი" – 422220, „ხვანჭკარა" – 226072 და ა.შ.

 წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 148 კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 74%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 12,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 71%).

მსოფლიოს 15  ქვეყანაში ექსპორტირებულია 118 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 170% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 323 ათასი აშშ დოლარია (ზრდა 153%).

მთლიანობაში პირველ კვარტალში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლებმა 67,7 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით  4%-ს აღწევს.

 

 

 

(NS)