5 °C თბილისი, საქართველო | 2019-04-22  
12:07:17

ლევან დავითაშვილი აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  ნიუ-იორკის შტატის კორნელის უნივერსიტეტის  სამუელ კერტის ჯონსონის ბიზნეს სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვისა და აგრარული დარგის განვითარების მიმართულებებით სახელმწიფო პოლიტიკაზე, მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ აქტივობებზე. ყურადღება მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტულობაზე გამახვილდა.

საუბარი შეეხო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს; ასევე, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს, ვებპორტალს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით  ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ ინფორმაციის მიღება.

ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან ჰარმონიზაციის პროცესი  წარმატებით ხორციელდება.

მინისტრმა ქვეყანაში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტების წარმოების საკითხებიც განიხილა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური პირობები  მრავალი სხვადასხვა კულტურის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო მეღვინეობის სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებულ  და მიმდინარე პროექტებს, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის ტენდენციას და დარგის პრიორიტეტულობის საკითხს.

მინისტრმა სტუმრებს ქართული ღვინის 8 000 წლიანი ისტორია გააცნო და ყურადღება ქართული ვაზის უნიკალურ იშვიათ ჯიშებზე გაამახვილა, საუბარი შეეხო  ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციას, რომელსაც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ლევან დავითაშვილმა სტუმრებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის  მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების,  დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმის და დარგის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მინისტრს საინტერესო შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

 

 

(NS)