18 °C თბილისი, საქართველო | 2019-05-21  
03:31:46

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილავენ

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია  მიმდინარეობს. კონფერენციაში მსოფლიოს  26 ქვეყნიდან - ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აზიიდან  და ოკეანეთის ქვეყნებიდან ჩამოსული    მეცნიერები, ასევე, ქართული სამეცნიერო წრეების, დარგობრივი გაერთიანებების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულები მონაწილეობენ.

კონფერენციაზე აზიურ ფაროსანასთან  ბრძოლის  საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას და მავნებლის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებსა და მეთოდებს განიხილავენ. კონფერენციის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფიტოსანიტარიული ზომების  კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და  მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული.

„მავნებელთან ბრძოლაში დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება. დღევანდელ კონფერენციას ესწრებიან სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები 26 ქვეყნიდან, რომლებიც საქართველოში არსებული გამოცდილებით ინტერესდებიან. ჩვენი გამოცდილების გაზიარება  სასარგებლო იქნება მათთვის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვის დროს. იმედი მაქვს, რომ ამ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ  აზიური ფაროსანას, როგორც გამოწვევის, გლობალურად დაძლევას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში აზიურის ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და, ასევე, ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც საქართველოს მავნებელთან ბრძოლის  პროცესში გააჩნია.

2018 წელს, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში დამუშავებულია 790 000 ჰექტრამდე ფართობი.

მავნებელთან ბრძოლის 2019 წლის პროგრამა მსოფლიოს და ქართველი  წამყვანი  მეცნიერების   რეკომენდაციებს  და 2017-2018 წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად  მიღებულ  გამოცდილებას ეფუძნება. პროგრამის მიზანია  სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა, მოსავლის  დანაკარგებისა და ეკონომიკური ზარალის შემცირება. 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითადი მიმართულებას მოიცავს:  აქტიურისაინფორმაციო კამპანია - მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; მონიტორინგი - აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენა, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და  ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრა; აზიური ფაროსანასკონტროლის ღონისძიებები - მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა; სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები-  საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა, ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის დადგენა.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო განახორციელებს მავნებელთან ბრძოლის  ღონისძიებებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებსა და  კერძო საკუთრებაში არსებულ ერთწლიანი კულტურების დიდ მასივებში. თხილის კულტურაში მავნებელთან და სოკოვან დაავადებებთან  ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ტექნიკური საშუალებებს გადასცემს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას.

აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელების პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსთან ერთად,  ჩართულია შესაბამისი უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები.

საეთაშორისო კონფერენცია, რომელიც 14 მარტამდე გაგრძელდება,  ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის  (CIB) მხარდაჭერით იმართება.

 

 

 

(NS)