5 °C თბილისი, საქართველო | 2019-04-22  
12:03:36

ლევან დავითაშვილი: 2019 წელს ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენებაა დაგეგმილი

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

2019 წლისთვის დაგეგმილია ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნიადაგის დაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში გამართული „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, პარლამენტის აგრარულ კომიტეტთან ერთად, 2018 წელს მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ”.

„ახალი კანონი დაარეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციასთან, სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენა-გაშენებასთან, მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ქარსაფარი ზოლების გაშენება ხელს შეუწყობს მიწების ნაყოფიერების შენარჩუნებას და სოფლად უკეთეს მოსავლიანობას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეისათვის, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2018 წელს გაშენდა 6,5 კმ ქარსაფარი ზოლი.

მინისტრის ინფორმაციით, 2019 წლისთვის დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენება გარდაბნის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.