6 °C თბილისი, საქართველო | 2019-04-22  
12:50:48

დავითაშვილი: 2018 წელს სკოლებთან და ბაღებთან ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ნორმაშია

By: Admin
2019-03-07 14:55:37
204

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2018 წელს, 65 ლოკაციაზე, მათ შორის, სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია.

როგორც დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გასულ წელს, პირველად საქართველოში, ჩატარდა მასშტაბური კვლევა თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად.

„2018  წელს, პირველად საქართველოში, ჩატარდა მასშტაბური კვლევა  თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. 65 ლოკაციაზე,  მათ შორის, სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია.  2018 წელს  გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის ანალიზის ლაბორატორია. 2018  წელს ამოქმედდა საქართველოს მასშტაბით ჰაერის ხარისხის პირველი ავტომატური მობილური სადგური, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ჰაერის ხარისხის შემოწმება. 2019 წლის თებერვალში ევროპული ავტომატური სადგური ამოქმედდა რუსთავში, ანალოგიური სადგური ქ. კასპში უახლოეს მომავალში ამოქმედდება, ხოლო აპრილში თბილისში. იტალიის მთავრობის მხარდაჭერით 2019-2020 წლებში ქვეყნის მონიტორინგის ქსელს კიდევ 5 ახალი ევროპული ავტომატური სადგური შეემატება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა

მინისტრის განცხადებიღ, გარდა ჰაერში ტყვიის მონიტორინგისა, 2018 წელს, მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გააქტიურდა ბენზინში ტყვიის შემცველობის სახელმწიფო კონტროლი. 2018 წელს 143 ავტოგასამართ სადგურზე 250-მდე საწვავის სინჯი იქნა აღებული. ლაბორატორიული კვლევა  ჩატარდა შვეიცარიული კომპანიის (SGS) მიერ. არც ერთ სინჯში ტყვიის შემცველობა არ დაფიქსირებულა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილია ახალი პორტალი - http://air.gov.ge/ პორტალი უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ერთიან სივრცეში, ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების დაგეგმვას და გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას.ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების გაზომვის სპექტრი ფართოვდება. ქვეყნის ატმოსფერული ჰაერის ახალ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე წელს დაიწყება ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის და ნიკელის შემცველობის მონიტორინგი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს დაიწყება ატმოსფერულ ჰაერსა და სხვადასხვა მასალაში აზბესტის ბოჭკოების შემცველობის ანალიზი, რისთვისაც საჭირო თანამედროვე დანადგარი უკვე საქართველოშია.

„უახლოეს მომავალში ჩვენი ლაბორატორია დაიწყებს, როგორც ატმოსფერულ ჰაერში აზბესტის ბოჭკოების შემცველობის მონიტორინგს, ისე იმ მასალების შესწავლას, სადაც შეიძლება გამოყენებული იყოს აზბესტი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

(NS)