6 °C თბილისი, საქართველო | 2019-04-22  
12:40:33

თურნავა: ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეკოლოგიურად სუფთა, მცირე ჰესებზე დგას

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დღეს ახლადაშენებულ „შილდაჰესი-1"-ს ეწვია და ადგილზე პირადად გაეცნო ჰიდროელექტროსადგურის მუშაობას.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად, ჰესი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.  

სადგური, რომელიც  ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ შილდაში მდინარე ჩელთზე მდებარეობს,  ექსპლუატაციაში რამდენიმე თვის წინ შევიდა. ის მცირე ზომის ჰესია დადგმული სიმძლავრით 1,2 მეგავატი, სადგურის წლიური გამომუშავებაა 8,7 მლნ. კვტ.სთ. ჰესის მშენებლობისთვის კომპანია „ჰიდრო ენერჯი"-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 800 000 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სადგურის მშენებლობის პერიოდში დასაქმებული იყო 50, ხოლო ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დასაქმდა 12 ადგილობრივი მოსახლე. „შილდაჰესი - 1"  მუნიციპალურ ბიუჯეტში ყოველწლიურად 40,000 ლარამდე გადასახადს იხდის.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „შილდაჰესი-1"  მცირე ზომის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სადგურია არამარტო  სოფელ შილდისთვის, არამედ მთელი ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის.

„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. „მწვანე ჰესი", ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი - სწორედ ასეთი ტიპის მცირე სადგურებზე დგას საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ვულოცავ ინვესტორს, კახეთის რეგიონს ამ წარმატებულ პროექტს. ჩვენ წელს კიდევ ბევრ ასეთ ჰესს გავხსნით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი აქტიურად მუშაობს სოციალური პროექტების განხორციელების კუთხით - კერძოდ, ამ ეტაპზე ამოქმედდა მეფუტკრეობის მეურნეობა 200 სკის მოცულობით, სადაც 10 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე უახლოეს პერიოდში სხვა ახალაშენებულ ჰესებსაც მოინახულებს და მათ მუშაობას გაეცნობა.