11 °C თბილისი, საქართველო | 2019-02-16  
15:06:47

გიორგი ქობულია: „პეის ტერმინალის“ პროექტი დაგვეხმარება, კიდევ უფრო გავზარდოთ სატრანზიტო ტვირთების ბრუნვა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„პეის ტერმინალის" პროექტი დაგვეხმარება, კიდევ უფრო გავზარდოთ სატრანზიტო ტვირთების ბრუნვა. საუბარია მშრალ ტვირთებზე, სასუქებზე, რომელიც ცენტრალური აზიიდან წამოვა.  ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოზე გაიაროს ამ სტრატეგიულმა მარშრუტმა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ „პეის ტერმინალის" პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ განაცხადა, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართა.

OPIC - ი „პეის ჯგუფის" საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პროექტს ქალაქ ფოთში 50 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს. პროექტის საერთო ღირებულება 120 მლნ აშშ დოლარია.

„საქართველოში გვაქვს ისეთი პოტენციალი, რომ გავხდეთ უფრო ბევრად დიდი სატრანზიტო ტვირთების გამტარებელი ქვეყანა. ამდენად, ჩვენი აზრით დიდი ალბათობით როგორც აღნიშნული პორტისთვის, ასევე ანაკლიის ნავსადგურისთვის ტვირთები საკმარისი იქნება. მთავარია გავზარდოთ ჩვენი დერეფნების კონკურენტუნარიანობა, რაც მხოლოდ პორტებზე არ არის დამოკიდებული. ეს არის კომპლექსური ამოცანა, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ და მოიცავს პორტებსაც, რკინიგზასაც, ჩვენს საზღვრებსაც და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობასაც, რადგან ამ ტვირთებს მხოლოდ ჩვენ არ გადავზიდავთ, პროცესში სხვა ქვეყნების აქტიური ჩართვაცაა აუცილებელი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.