34 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-21  
15:17:06

„საბამ“ საზოგადოებას სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში წარუდგინა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემია, ელექტრონული წიგნების წამყვანი ინოვაციური ვებ-პლატფორმა -  „საბა“ 15 წლის გახდა.

აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით „თიბისი გალერეაში“ სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბადრი ჯაფარიძემ და „საბას“ პროექტის ლიტერატურულმა ხელმძღვანელმა რატი ამაღლობელმა გალერეაში შეკრებილ საზოგადოებას შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინეს.

„უკვე 15 წელი შეუსრულდა საბას. როდესაც ჩვენ ვიწყებდით ამ პროექტს მაშინ არსებობდა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გაცემული პრემიები, რომელიც არ ასახავდა კონკრეტიკას, დინამიკას, ლიტერატურული პროცესების რეალობასა და სინამდვილეს. მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ლიტერატურული პროცესები მკითხევლთან მაქსიმალურად მიგვეტანა. ვფიქრობ, რომ ამ 15 წლის განმავლობაში „საბამ“ ეს შეძლო და დღეს ძალიან დიდი მოლოდინია, არამხოლოდ ერთჯერადი, ყოველწლიური „საბასი“ არამედ ყველდღიური მოლოდინია იმისა, თუ რას შესთავაზებს საბა ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას“, - აღნიშნა რატი ამაღლობელმა.

ლიტერატურული პრემია „საბა“ „თიბისი ბანკმა“ 2003 წელს დაარსა. 15 წლის განმავლობაში, „საბამ“ 3 800 საკონკურსო წიგნი განიხილა და 127 პრემია გასცა, სულ 500 ათასი ლარის ოდენობით.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, პრემიის არსებობის განმავლობაში, საქართველოში ყოველწლიურად გამოცემული წიგნების რაოდენობა დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა. ასევე, 4-ჯერ გაიზარდა საპრემიო ფონდი, რომელსაც „თიბისი ბანკი“ გამარჯვებულებს გადასცემს.

“2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებში წიგნის კითხვის საშუალებას იძლევა. Saba.com.ge-ს დღეს 140 000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. „საბას“ კატალოგში 4 000 ელექტრონული წიგნია - ქართული თუ უცხოური კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე ბესტსელერები, პროფესიული ლიტერატურა და სხვა. 2013 წლიდან „საბა“ საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი გახდა - დაემატა ახალი ნომინაცია „საუკეთესო უცხოური თარგმანი“, რომელშიც უცხოელი მთარგმნელები და გამომცემლობები მონაწილეობენ. 2013-2017 წლებში „საბამ“ 30-მდე ქვეყანაში გამოცემული 120 ქართული ნაწარმოების თარგმანი შეაფასა. ბოლო წლების განმავლობაში „საბა“სოციალური მიმართულებითაც გააქტიურდა და ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო. 2013-2016 წლებში, „საბამ“, ჯამში, 500 000-ზე მეტი წიგნი გასცა საჩუქრად 50 000 ადაიანს. ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური სოციალურ-ლიტერატურული აქცია, წიგნიერების ამაღლების და წიგნების ხელმისაწვდომობის მიმართულებით“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა.

რაც შეეხება „საბას“ მხარდაჭერას, ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ნიკა ქურდიანის განცხადებით, „თიბისი ბანკისთვის“ აღნიშნული ლიტერატურული პრემია არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება.

„ძალიან რთულია „საბას“ 15-წლიანი მიღწევა შევაფასო. რამდენიმა მათგანი არის ძალიან შთამბეჭდავი. „საბა“ „თიბისი ბანკთან“ ერთად 15 წლის განმავლობაში მუდმივად იყო სათავეში ამ პრემიის და სწორედ ამ პროცესის. ძალიან ბევრი საინტერესო რამ გაკეთდა. ათასობით წიგნი არის დარიგებული. მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში არავის არ აქვს გაკეთებული. „საბა“ შეიძლება ჩაითვალოს თავისი მიმართულებით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, შთამბეჭდავი პროგრამა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „საბას“ ყველანაირ ფორმას მხარდაჭერა ჰქონდეს, რადგან საუბარია ლიტერატურის, წიგნიერების პოპულარიზაციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „თიბისი ბანკისთვის“ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება, რომელსაც 15 წელია გვერდში ვუდგავართ და განვაგრძობთ მხარდაჭერას“, - აღნიშნა ნიკა ქურდიანმა.

ანგარიში:

„შეხვედრის საბა-ბი“ - კითხვის ხელშეწყობა რეგიონებში

„შეხვედრის საბა-ბი“ - ასე ეწოდება პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, სავა რეგიონებში ჩავიდა და საჯარო სკოლებს სპეციალური სამკითხველო კუთხეები და ელექტრონუი ბიბლიოთეკები აჩუქა. სულ რეგიონებში 6 000 ელექტრონული წიგნი გავრცელდა უფასოდ. მოეწყო „საბას“ ლაურეატებთან ადგილობრივი მკითხველების შეხვედრები.

უფასო წიგნები მეტროში

2015 წელს თბილისის მეტროპოლიტენში „საბამ“ წიგნების უფასოდ გავრცელება დაიწყო. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წიგნების ხელმისაწვდომობას და კითხვის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

წიგნები მთაში

2016 წელს უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკბი უკვე მთის კურორტებზეც გამოჩნდა. აქცია „იკითხე მთაში“ გუდაურისა და ბაკურიანის დამსვენებლებს თუ მაცხოვრებლებს ათობით ელექტრონული წიგნის უფასოდ მიწოდებას ითვალისიწნებდა.

ქალაქი ბიბლიოთეკა

უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკების ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისში განხორციელდა. მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე, სახლ-მუზეუმებთან, პარკებში, სკვერებში - თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილზე განთავსდა ელექტრონული ბიბლიოთეკები, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თავის სმარტფონში, უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ 300-მდე ელექტრონული და ხმოვანი წიგნი და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ თბილისის მერიის და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ხმოვანი წიგნები უსინათლოებისათვის

2016 წელს „საბამ“ შექმნა ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია, რომელიც სრულადაა ადაპტირებული უსინათლო მომხმარებელზე. პროექტის ფარგლებში უსინათლო და მხედველობაშეზღუდული მკითხველები საჩუქრად იღებენ 400-მდე ხმოვან წიგნს. პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერთ განხორციელდა და უსინათლოებისათვის კითხვის ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენს. 

(R)