10 °C თბილისი, საქართველო | 2018-11-20  
13:31:43

გიორგი ქობულია - ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი ექსპორტის განვითარებაა

By: Admin
2018-10-18 16:20:21
204

„საქართველოსთვის ვაჭრობა ყოველთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა, ამიტომ ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი არის ექსპორტის და საექსპორტო ვაჭრობის განვითარება. ამ კონტექსტში ვაჭრობის ფინანსირების ინსტრუმენტების განვითარება და გამოყენება საქართველოში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელმაც ოფიციალურად გახსნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებული ვაჭრობის ფინანსირების ყოველწლიური მეშვიდე ფორუმი.

თავის მისალმებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვაჭრობის ფინანსირების მნიშვნელობაზე ვაჭრობის სექტორის განვითარების მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ასეთი მაღალი დონის ფორუმის გამართვა სასარგებლო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე ადგილობრივი ბიზნესისთვის.

EBRD-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა ხელს უწყობს საგარეო ვაჭრობის განვითარებას ბანკის წევრ ქვეყნებში. პროგრამის მეშვეობით აღნიშნული ბანკი უზრუნველყოფს გარანტიებს საერთაშორისო დამმოწმებელი ბანკებისთვის, საკუთარ თავზე იღებს რა გადახდის პოლიტიკურ და კომერციულ რისკებს, რისი პასუხისმგებლობაც წევრი ქვეყნების ბანკებს ეკისრებათ.

ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი 18 – 19 ოქტომბერს ჩატარდება. თბილისის ფორუმს 40 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მსგავსი ფორუმები ჩატარდა ვენაში, მაინის ფრანკფურტში, ლონდონსა და სტამბულში.

 

 

(NS)