2 °C თბილისი, საქართველო | 2018-12-11  
04:32:12

საქართველოს საგარეო ვალმა, 30 ივნისის მდგომარეობით, 17.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

By: Admin
2018-09-28 14:17:47
204

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 17.4 მილიარდი აშშ დოლარი (42.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 108.7 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 346.9 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო - 242.4 მლნ აშშ დოლარით, ოპერაციული ცვლილებების გამო - 66.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფასის ცვლილებების გამო ვალი 49.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. ამავდროულად, სხვა ცვლილებების გამო ვალი 11.1 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.2 მლრდ აშშ დოლარი (17.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.0 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 330.6 მლნ აშშ დოლარი (810.5 მლნ ლარი; მშპ-ს 2.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად - 801.5 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 903.8 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.8 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.6 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.6 მლრდ აშშ დოლარი (13.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.5 მლრდ აშშ დოლარი (25.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 65.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.2 მლრდ აშშ დოლარია (10.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 26.0 პროცენტია.

2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 31.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო  ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო - 9.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2018 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 330.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.