9 °C თბილისი, საქართველო | 2018-10-20  
07:56:14

წინასწარი შეფასებით, აგვისტოში, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა, 2% შეადგინა

By: Admin
2018-09-28 13:16:52
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2018 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო 2018 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,0 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციების, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

საქონლის ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27,1%-ით გაიზარდა (2 146,4 მლნ. დოლარი), იმპორტი - 21%-ით (5 954,3 მლნ. დოლარი), ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 100,7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 22,6%-ით მეტია.

ცნობისთვის, საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.