5 °C თბილისი, საქართველო | 2018-12-14  
00:23:58

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 145 მილიონ ლარს მიაღწია

By: Admin
2018-09-18 15:25:31
204

18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 92 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა და მევენახეების შემოსავალმა 145 მილიონ ლარს მიაღწია, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, კახეთში რთველი  კვლავ აქტიურ პროცესშია და  ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში  მიმდინარეობს.

„დღეღამურად, საშუალოდ 5-6 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება საწარმოების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველის დაწყებიდან დღემდე, ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 10200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია.  ამ პერიოდში, ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 65-მდე ღვინის საწარმო კახეთის  თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს“, -  ანდრო ასლანიშვილმა.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 225 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 175-მა ღვინის კომპანიამ.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში - 27-27 ათასი ტონა, შემდეგ მოდის თელავი - 18,5 ათასი ტ., სიღნაღი - 8,4 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 3,8 ათასი ტ., ახმეტა - 3 ათასი, ლაგოდეხი - 1,5 ათას ტონამდე და საგარეჯო - 955 ტონა.

მთლიანად გადამუშავებული ყურძნიდან 52 ათასი ტონა საფერავი, 29 ათასი ტონა რქაწითელი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.