24 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:38:59

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ინიციატივით, ინსულტის „სამი“ ნიშნის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყო

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს საზოგადობის ინფორმირება ინსულტის „სამი“ ნიშნის შესახებ.

ინსულტის „სამი“ ნიშნის დამახსოვრება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, რამდენადაც ინსულტის ადრეული ამოცნობის შემთხვევაში შესაძლებელია სწრაფი რეაგირება - 112-თან დაკავშირება და პაციენტის ინსულტის ცენტრში გადაყვანა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის შედეგად მოტანილ ზიანს - მუდმივი, მძიმე უნარშეზღუდულობის ან სიკვდილის რისკს. სახელწოდება „სამი“ ინსულტის სამი ნიშნის აბრევიატურას წარმოადგენს და შემდეგნაირად იშიფრება: ს - სისუსტე კიდურებში, ა - ასიმეტრიული სახე, მ - მეტყველების დარღვევა, ი - იჩქარე!

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა კამპანიის პრეზენტაციაზე აღნიშნა, აუცილებელია ინსულტის გამომწვევი „სამი“ ნიშანი თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს.

„ნიუ ჰოსპიტალსი როგორც პეტრე სარაჯიშვილის ნევროლოგიის ინსტიტუტის სამართალმემკვიდრე გახლავთ ერთ–ერთი მოწინავე დაწესებულება, რომელიც ნევროლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობს. ჩვენს ნევროლოგიურ განყოფილებაში მოფუნქციონირე ცენტრის ეგიდით, ვიწყებთ ინსულტის საინფორმაციო კამპანიას. ჩვენი მიზანია პაციენტებმა, მიიღონ მეტი ინფორმაცია და შეამცირონ ზიანის რიცხვი, რაც ამ ვერაგმა დაავადებამ შეიძლება მოუტანოს ადამიანებს. ინსულტის შესახებ ინფორმირებულობის კამპანია, არის ლოგიკური გაგრძელება მაღალ წნევასთან ბრძოლის კამპანიისა. ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობამ კარგად შეისწავლოს ის სამი ნიშანი, რომლითაც უნდა იეჭვოს ინსულტის შესახებ. სამი ნიშანი არის ის აბრევიატურა, რომელიც ადვილად დასამახსოვრებელია ს - სისუსტე კიდურებში, ა - ასიმეტრიული სახე, მ - მეტყველების დარღვევა, ი - იჩქარე.ეს არის ინგლისური „Fast”–ის ქართული ნათარგმნი, რაც ქართულად ნიშნავს ჩქარას, საქართველოში კი ვთვლით, რომ „სამი“ ძალიან კარგი მიგნებაა, რომელიც იქნა ჩვენი გუნდის მიერ მოფიქრებული. თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს ამ სამი ნიშნის შესახებ“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

კამპანიის ფარგლებში საზოგადოება შეიტყობს, რომ ინსულტის აღმოჩენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება, რადგან მხოლოდ სპეციალიზირებულ ინსულტის ცენტრში პაციენტის სწრაფად გადაყვანის შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემური თრომბოლიზისითმკურნალობა, რაც იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს. თრომბოლიზისის საშუალებით შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბების დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. თრომბოლიზისიგადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას - ალტეპლაზასგადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა.

"პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორის სოფიო ლებანიძის განცხადებით, კამპანიაში „პსპ დაზღვევაც“ მონაწილეობს და მომხმარებლებს პირველი ივნისიდან სთავაზობს სრულიად უნიკალურ ახალ პროდუქტს - ინსულტის დაზღვევის პროგრამას.

„დღეს ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რამდენადაც „პსპ დაზღვევა“ არის მონაწილე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინიციატივის, რომელიც გულისხმობს ინსულტის პრევენციის და მკურნალობის ნაწილს და დაზღვევა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რამდენადაც „პსპ დაზღვევა“ მომხმარებლებს უკვე პირველი ივნისიდან სთავაზობს სრულიად უნიკალურ ახალ პროდუქტს ეს არის ინსულტის დაზღვევის პროგრამა. ინსულტის დაზღვევის პროგრამა არის ხელმისაწვდომი ყველა „პსპ დაზღვევის“ კორპორატიული მომხმარებლისთვის, ეს არის უნიკალური და უპრეცენდენტო დაზღვევის პროგრამა რამდენადაც ის მოიაზრებს არამხოლოდ ამბოლატორიულდა სტაციონალურ მომსახურებას, არამედ უკვე ინსულტ გადატანილი პაციენტებისთვის სარეაბილიტაციო ტიპის მომსახურებებს. ვფიქრობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც დაზღვევის მხარე ხელს უწყობს. მომდევნო ეტაპზე რა თქმა უნდა მოსარგებლეთა წრე აუცილებლად გაფართოვდება და ყველას ექნება შესაძლებლობა რისკები მართოს“, – განაცხადა სოფიო ლებანიძემ.

კამპანიის ფარგლებში სსიპ "112-ის“ ოპერატორებისთვის ჩატარდება ინსულტის შესახებ სემინარები, რაც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილების მიერ იქნება უზრუნველყოფილი. სემინარები აამაღლებს ოპერატორების ცნობიერებას ინსულტის შესახებ და დაეხმარება მათ მოახდინონ დროული რეაგირება საჭიროების შემთხვევაში. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112  მოუწოდებს მოქალაქეებს, ინსულტის სამი სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, იჩქარონ და დროულად დაუკავშირდნენ 112-ს მთელი საქართველოდან 24 საათის განმავლობაში. ჩვენ მოქალაქეებს ვთავაზობთ, დაკავშირების მრავლფეროვან არხებს, როგორიცაა მობილური, ფიქსირებული ტელეფონი, მობილური აპლიკაცია და “SMS”-ს და ვიდეოზარის სერვისებს. ჩვენ გვჯერა გადავარჩენთ არამარტო ჩვენი არამედ გარშემომყოფების სიცოცხლეს“, – აღნიშნა "112"-ის წარმომადგენელმა სალომე გელუტაშვილმა.

ცნობისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსი“ თანამშრომლობს სახელმწიფო და კერძო დაზღვევის პროგრამებთან. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, განიხილება „პსპ დაზღვევის“ მიერ ინსულტის დაზღვევის დანერგვა, რაც იშემიური ინსულტის დროს პაციენტების თრომბოლიზისით მკურნალობის ხარჯების დაფარვას გულისხმობს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება, რომელიც პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი, დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით და აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით. 2017 წლიდან კლინიკაში ფუნქციონირებს სპეციალიზირებული ინსულტის ცენტრი. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური მომსახურების სფეროები მოიცავს მოძრაობის დარღვევების, ეპილეფსიის, ნეირო-ინფექციური, ნეირო-კუნთოვანი და ცერებროვასკულური დაავადებების მკურნალობას. ასევე, ნეირო-რეაბილიტაციის პროცედურებს, ავტონომიურ, ქცევით, ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგიას. 

 

 

 

(R)