23 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
03:02:47

ცეზარ ჩოჩელი: ძიუდოს ფედერაციაში არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე გაჟღერებული ბრალდებები არასწორია

By: Admin
2018-09-07 12:29:28
204

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, კომპანია „ზედაზენის“ სამოთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელი, ძიუდოს ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მან მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არსებული დაპირისპირება არა მხოლოდ ქართულ ძიუდოს, არამედ სახელმწიფოსაც დააზარალებს.

 „დღეს რაც ხდება ძიუდოს გარშემო, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, ხდება ისეთი რამ, რაც შეურაცხყოფას აყენებს ძიუდოს ფედერაციას, თითოეულ ძიუდოისტს, ქართულ სპორტს და ზოგადად ქართულ სახელმწიფოს. სად იწყება სპორტი და სად მთავრდება პოლიტიკა, ეს ჩემთვის გაურკვეველი გახდა. რამდენიმე დღის წინ სპროტსმენებს შევთავაზე პირადად მე, სანამ მათ ქევხიშვილის მმართველობა არ მოსწონთ, ავიღებ ყველანაირ პასუხისმგებლობას მომზადდეს ნაკრები უმაღლეს დონეზე, დამაყოფილდეს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მათ გააჩნიათ ერთი პირობით, რომ გამოვიდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე სახელოვნად და წარმატებულად, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიმიღია. მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო, ეს დაპირისპირება ქართულ ძიუდოს, ქართულ სპორტს და ქართულ სახელმწიფოს კარგს არაფერს მოუტანს. ჩვენი მოწოდებაა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს დაპირისპირება. ჩვენ დღეს სპორტსმენებმა უნდა ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რაც გვაწუხებს. თუ ჩვენ ამ მიმართულებით არ წავალთ, დღეს გამოდის ერთი მხრიდან 50 ადამიანი, ხვალ მეორეს მხარდამჭერი გამოვა 100 ადამიანი და ესე საკითხი არ გადაწყდება, არ დარეგულირდება. დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველა ის პრობლემა რომელიც არსებობს, გადავწყვიტოთ, აღმოვფხვრათ, იმიტომ რომ შეუცდომელი ამ ქვეყანაში მე არავინ არ მგონია, ყველას ჩვენ ჩვენი პატარა გადაცდომები გვაქვს", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

რაც შეეხება ფედერაციის მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებულ ბრალდებებს, ჩოჩელის განცხადებით, „ზედაზენი“ 2015 წლიდან ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური სპონსორია და გაღებული ხარჯების მიზნობრიობას კომპანია აკონტროლებს.

„გული მტკივა იმ სპორტსმენებზე, რომლებიც ისეთ დაპირისპირებაზე გადავიდნენ, სადაც გამოსავლის ძებნა რთული ხდება. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ დავსხდეთ დიალოგისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ ფინანსურ დარღვევას ადგილი არ ექნება. რადგან ჩვენს მიერ ხდება იმ თანხების კონტროლი, რასაც ძიუდოს ვახმართ. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ფულს ვიხდიდეთ ძიუდოს განვითარებისთვის და იქ ერთი, ორი ან თუნდაც ათი ადამიანი ცდილობდეს მის განკარგვას, არამიზნობრივად ხარჯვას და ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავდეთ? – ეს არამც და არამც არ მოხდება. თითოეულ თეთრს ჩვენ ყოველთვიურად ვამოწმებთ, როგორ მიდის ამა თუ იმ პროგრამის განხორციელება რეალურად. აქედან გამომდინარე, არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე გაჟღერებული ბრალდებები ვთვლი, რომ არასწორია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელიც ამოწმებს ამ ყველაფერს. შედეგები ჯერჯერობით არ დადებულა და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში, წესით უნდა დაიდოს“, – განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

გარდა ამისა, მან ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

„ძიუდოს ფედერაცია ეს არ არის მარტო ეროვნული ნაკრები, ეს არის ძიუდო დაწყებული ჯანმრთელობიდან, ახალგაზრდული ნაკრები და რა თქმა უნდა დიდების ნაკრები, რომლის განვითარებაშიც, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლებში ქევხიშვილმა. ბოლო პერიოდში აშენდა და გარემონტდა დაახლოებით 30-მდე ახალი სპორტული დარბაზი, დარბაზში შეიყვანეს დაახლოებით 1500 ახალი სპორტსმენი, რომელმაც ძიუდოში ჩაბმა გადაწყვიტა და ზოგადად ძალიან დიდი საქმე კეთდება ამ მიმართულებით. მე ვიტყოდი რომ ძიუდოში არის ეს გარდამტეხი რევოლუცია. დღეს ხდება პროგრამის დამუშავება, რომელსაც ვფიქრობ რომ სექტემბრიდან გაუშვებენ ეს არის მწვრთნელთა მომზადების ცენტრი. საქართველოში იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა მწვრთნელი არის ყოფილი სპორტსმენი რომელსაც აქვს გამოცდილება, ცოდნა და უნარები, მაგრამ დღეს ეს საკმარისი არ არის ძიუდოს განვითარებისთვის. ამიტომ საჭიროა, რომ მწვრთნელები ყველა დონეზე იქნეს გადამზადებული და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. ასე რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კარგი საქმე კეთდება. ამის გარდა მე მინდა გითხრათ, რომ ძიუდოს ისტორიაში პირველად ხდება ძიუდოისტების დაფინანსება, რომ რაც შეიძლება მეტმა სპორტსმენმა მიიღოს განათლება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ძალიან წარმატებული სპორტსმენები კარიერის დასრულების შემდეგ რჩებიან რთულ მდგომარეობაში. ამიტომ ესეც ფედერაციის ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებაა და ხდება ამ მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა, ბევრი სპორტსმენისთვის დახმარების გაწევა. დღეს საზოგადოებაში იქმნება ისეთი აზრი, რომ თითქოს ყველა და ყველაფერი არის ფედერაციის და პრეზიდენტის წინააღმდეგ და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ნამდვილად ასე არ არის. დღეს ვისაც ჭიდაობა უნდა, ემზადებიან შეკრებაზე და მე დარწმუნებული ვარ ახალგაზრდული ნაკრები ძალიან სერიოზულად არის დაკავებული შედეგით. მათ ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ და ექნებათ მომავალში“, - განაცხადა ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ცეზარ ჩოჩელმა.