20 °C თბილისი, საქართველო | 2018-10-16  
16:08:39

ქუმსიშვილი: საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის სრული მხარდაჭერა მივიღეთ

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„მე დღეს გავაჟღერე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ჩვენ მათ ველოდებით და გვინდა, რომ ისინი იყვნენ საკრედიტო-საგარანტიო ფონდში როგორც აქციონერები, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“,- ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დიმიტრი ქუმსიშვილსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი და დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს.

„საგარანტიო ფონდების ინსტრუმენტი ზოგადად დასავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ ევროპაშიც, ეს არის კარგად დანერგილი და აპრობირებული ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებელია მიმართული იყოს კონკრეტული, ძალიან თარგეთირებული ჯგუფების მიმართ, სადაც სახელმწიფოს აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს განვითარებაში. მათ შორის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება, მაგალითად, ახალგაზრდებში დასაქმების გაზრდა. მათ შორის ქალბატონებში მეწარმეობის განვითარება. სწორედ ამ ძირითად პრინციპებზე ვისაუბრეთ დღეს ჩვენ. რამდენად შეგვიძლია ჩვენ ყველამ ერთად გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება, რომელიც  ევროპაშია დაგროვილი“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე პრემიერის ინფორმაციით, მან  საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შესთავაზა ფონდში აქციონერების სახით მონაწილეობა. „აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია. პირველი იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ძალიან გამჭვირვალე, მეორე - გვინდა იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და გვინდა, გავიზიაროთ ეს გამოცდილება. მესამე - რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მათ აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ ინიციატივასთან, რომელსაც ჩვენ ეხლა ვაჟღერებთ“, -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები გადაიდგას ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მოხდეს ეკონომიკის სწორი სტიმულირება და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ქვეყანამ მიიღოს სარგებელი ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან დაგეგმილ რეფორმას პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. „პირველ ეტაპზე ჩვენ დღეს მოვისმინეთ მაქსიმალურად პოზიტიური კომენტარები, გავუზიარეთ მათ ჩვენი ხედვები ძირითად პრინციპებზე და მათგან მივიღეთ ძალიან პოზიტიური უკუგება ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩატარდეს ძალიან კარგი შეფასება და სწორად გავიგოთ, თუ რა მიმართულებით უნდა შემოვიდნენ ისინი და რა მიმართულებით მოხდეს ერთობლივად მათი საქმიანობა, რადგან ეს იქნება ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, თუ რამდენად შეიძლება გაიზარდოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მანდატი. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ამ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან რამდენიმე პოზიცია დაფიქსირდა, ამ საკითხზე დისკუსია კი მომავალშიც გაგრძელდება. „ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მანდატი ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ ქვეყანაში ასეთი ფონდების ნაწილია, თუმცა, არის ქვეყნები, სადაც ექსპორტის საკრედიტო სააგენტო დამოუკიდებელია და ცალკეა საკრედიტო-საგარანტიო ფონდები და სქემები, ამიტომ ჩვენ ამაზე დისკუსიას გავაგრძელებთ. ბევრი პოზიტიურია იმაში, რომ მანდატი გაიზარდოს, რადგან ძალიან ბევრი რამეა უკვე შეთანხმებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ჩვენს პარტნიორებთან და შესაბამისად, შეიძლება მანდატის გაზრდა აღმოჩნდეს უფრო მარტივი გზა, ვიდრე ნულიდან დაწყება. თუმცა, აქაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები იყოს აბსოლუტურად გამართული, იყოს სწორი, რაშიც ჩვენ დღეს მივიღეთ რწმუნება, რომ გვექნება სრული მხარდაჭერა და დახმარება და  კარგ შედეგს მივიღებთ“, -აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა. 

 

 

(NS)