25 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-26  
08:32:06

„საქართველოს ფოსტის“ ინიციატივით გამართული „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „საქართველოს ფოსტის“ ინიციატივით ჩატარებული „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია, წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.

როგორც „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნა, კონკურსით ყოველწლიურად უფრო მეტი 15 წლამდე ახალგაზრდა ინტერესდება.

„საქართველოში საიუბილეო თარიღი გვაქვს. მეხუთე წელია რაც იმართება კონკურსი და ახალგაზრდების ჩართულობა ყოველწლიურად იმატებს. მსოფლიოში ყველა 15 წლამდე ახალგაზრდა ერთი და იგივე თემაზე წერს წერილს, რომლითაც დაინტერესებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლის ეგიდითაც ტარდება ეს ღონისძიება.  ორგანიზაცია შეფასებას აკეთებ თუ როგორ ფიქრობს ახალგაზრდობა სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში გამარჯვებული კონკურსანტი ავტომატურად მონაწილეობას იღებს მსოფლიო მასშტაბის კონკურსში, რომელიც გაიმართება შვეიცარიის ქალაქ ბერნსში. დღეს ჩვენ გვაქვს ღონისძიება, სადაც ახალგაზრდობის სახლმა წარმოგვიდგინა კონცერტი და შემდეგ მოხდა დაჯილდოება. გავეცანით წერილებს და გამოვავლინეთ 9 გამარჯვებული, რომლებსაც სიამოვნებით გადავეცი პრიზები“,- განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

მიმდინარე წლის საკონკურსო თემა გახლდათ - „წარმოიდგინე, რომ ხარ წერილი, რომელიც მოგზაურობს დროში, რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?“.

კონკურსში 300-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა და 9 საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდა: გრან პრი - ლანა მენთეშაშვილი; I ადგილი - სალომე ამყოლაძე; II ადგილი - მარიამ მაჩაიძე და ნინო გოგსაძე; III ადგილი - ნიკა ოთარაშვილი და მარიამ გიორგაძე; „საქართველოს ფოსტის“ რჩეული - ანდრია კიონაშვილი; გაერთიანებული საფოსტო კავშირის რჩეული - ნინო გობაძე; კონკურსის ჟიურის რჩეული  - ანა გოგია.

„მსოფლიოს საფოსტო კავშირში“  გაიგზავნება კონკურსის გრან პრის გამარჯვებულის, 12 წლის ლანა მენთეშაშვილის წერილი „გამარჯობა მსოფლიო!“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ყველა მონაწილის მიერ მეტად საინტერესო თემები იქნა წარმოდგენილი.

ცნობისთვის, „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა. 

 

 

(NS)