24 °C თბილისი, საქართველო | 2018-07-18  
10:23:49

პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ინოვაციების სააგენტოსა და „თიბისი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

By: Admin
2018-05-15 19:01:01
204

პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „თიბისი ბანკს" შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ ინოვაციური და სამეწარმეო გარემოს ფორმირების ხელშეწყობის, სტარტაპების საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო აქტივობების სტიმულირების მიმართულებებით.

"ამ მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ უფრო მეტად გავაღრმავებთ თანამშრომლობას სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. მე მინდა ამ საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, რომელიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს ამ კუთხით და ასევე განსაკუთრებული მადლობა ,,თიბისი ბანკს", რომელიც ამ მიმართულებით სტარტაპების საუკეთესო მხარდამჭერია. ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ კერძო სექტორისგან და პარალელურად უნდა დავეხმაროთ მას იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უფრო მეტი", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პარტნიორებმა პირველი პროექტის - „სტარტაპ კვირეული" დაწყება დააანონსეს, რომელიც მაისის ბოლოს თბილისში და ივნისის ბოლოს ზუგდიდში ჩატარდება. კვირეულის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და კავშირებს დაამყარებენ.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი მიიჩნევს, რომ პროექტი წარმატებული იქნება, რადგან სამი ძალიან დიდი მხარე ერთიანდება.

„მემორანდუმის შინაარსი არის ის, რომ სამივე მხარე უნდა დავდგეთ ერთად და გავაქტიურდეთ სტარტაპების მხარდასაჭერად. სტარტაპ სისტემა უნდა განვითარდეს და ამისთვის ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. „თიბისი ბანკი“  უკვე წელზე მეტია ახორციელებს პროგრამა „სტარტაპერს“, რომელიც არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა და მოიცავს როგორც საბანკო პროდუქტებს, სესხი იქნება ეს დეპოზიტი, ბარათი თუ სხვა, მორგებულია სტარტაპერზე კონკრეტულად, ისე მოიცავს არასაბანკო კომპონენტებსაც. სწორედ ამ რესურსით, ამ ინსტრუმენტებით, ჩვენ შემოვდივართ ამ მემორანდუმში და ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი გამოვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სამი მხარე ერთიანდება. ძალიან კარგია, რომ პროექტი ორ ქალაქში, თბილისსა და ზუგდიდში იქნება, რაც ასევე ნიშნავს, რომ გაგვაქვს რეგიონებში მესიჯი და იმედია, იქაც ძალიან ბევრი ინიციატივის წამომწყები იქნება“,- განაცხადა ნიკა ქურდაძემ.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, პირველი სტარტაპ კვირეული თბილისისა და ზუგდიდის ტექნო პარკში ჩატარდება.

„ის სინერგია რომელიც ამ მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება, არის მეტი წარმატების საწინდარი თვითონ სტარტაპების განვითარების პროცესში და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ ის საინტერესო სერვისები, მომსახურებები და შეთავაზებები მოვამზადოთ ჩვენი სტარტაპერებისთვის, რომელიც მათ უზრუნველყოფენ საბოლოოდ მაღალტექნოლოგიურ და გლობალურ პროდუქტებად. სტარტაპების კვირეული აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაიწყება. ეს პროექტები ერთბლივად განხორციელდება როგორც თბილისში ასევე ზუგდიდში. ორივე ლოკაციაზე მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობამ შექმნა ტექნოლოგიური პარკი და სწორედ აქ იქნება პირველი სტარტაპების კვირეული. ამ ყველაფერს ექნება სისტემატიური ხასიათი და მაში ჩართული იქნება მთელი საქართველოს მოსახლეობა“,- აღნიშნა კასრაძემ.

კვირეულის ფარგლებში , სტარტაპერები გაეცნობიან ყველა შესაძლებლობას რასაც მათ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ. ასევე, უცხოელი მენტორები სტარტაპერების საჭიროებების მიხედვით ჩაატარებენ ტრენინგებს და მათ შესაბამის კონსულტაციას გაუწევენ.

„სტარტაპკვირეულს“ უნივერსიტეტების ბაზაზე არსებულ აქსელერატორებთან ერთად ორგანიზებას გაუწევს სახალხო დაფინანსების პლათფორმასტარტაპებისთვის- Investme.ge

 

(R)