31 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-17  
14:39:53

დიმიტრი ქუმსიშვილმა AIIB-ის წლიურ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

პირველმა ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამხრეთ კორეაში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში დადებითად შეაფასა  აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, ბანკი ორიენტირებულია წევრ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერაზე, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ბანკის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ვაჭრობასა და საფინანსო სფეროში. 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა პირველ 20 პროექტს შორის საქართველოში მიმდინარე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტიც შეიტანა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც ერთ-ერთი უმოკლესი სატრანზიტო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს დასავლეთი-აღმოსავლეთის სატრანზიტო დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. მისი თქმით, საქართველო, რომელიც ოდითგან იყო დიდი აბრეშუმის გზის მონაწილე სახელმწიფო, დღეს აქტიურად მონაწილეობს ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა".

საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ გეგმის თანახმად იდგმება. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი აქცენტი გააკეთა სივრცითი განვითარების რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის საბაზო ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, აგრეთვე აღმოსავლეთ - დასავლეთისა და ჩრდილოეთ - სამხრეთის სავაჭრო დერეფნების განვითარებას. აღნიშნული გეგმის მიზანია, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის სრული გამოყენება, აგრეთვე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აგრეთვე ისაუბრა ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილ გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიზანსაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც დადებითად უნდა აისახოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებაში. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულმა რეფორმამ სტაბილური და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო უნდა შექმნას.

გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს სავაჭრო პრეფერენციებზე სხვადასხვა ქვეყანასთან და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების პოზიტიურ რეიტინგებზე.

ვიზიტის ფარგლებში, 17 ივნისს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის  რანგში ერთ-ერთ სესიას უხელმძღვანელებს. მოგვიანებით კი, პირველი ვიცე-პრემიერი ხელს მოაწერს შეთანხმებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

 

(NS)