17 °C თბილისი, საქართველო | 2018-05-24  
05:58:13

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც საპენსიო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. 

წარმოდგენილი კანონპროექტი არეგულირებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს და განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და პირობებს. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული.

ამასთანავე, კანონპროექტი ვრცელდება აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება დაგროვებით პენსიებს. 

კომიტეტმა ასევე განიხილა აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე საკანონმდებლო კანონპროექტების პაკეტი.

მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დაგროვილი თანხის უსაფრთხოების მექანიზმებს, ფულის ღირებულებისა და შესაძლო ინფლაციის ფაქტორების გავლენას საპენსიო სისტემის მდგრადობაზე, საინვესტიციო პოლიტიკას, არსებულ რისკებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. 

ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა საკითხი არ ჩათვალა მომზადებულად და მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. 

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები კომიტეტის დასკვნაში აისახება, რაც წამყვან კომიტეტში განსახილველად წარდგენისას უნდა იყოს დოკუმენტში გათვალისწინებული.