17 °C თბილისი, საქართველო | 2018-05-24  
05:49:18

მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა რეგიონებში გრძელდება

By: Admin
2018-03-05 16:20:21
204

ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში.

5 მარტს, ქალაქ ბათუმში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს.

ახალი საგადასახადო ინიციატივა განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას. მთავრობის პრიორიტეტია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რათა უზრუნველვყოთ საქართველოში იყოს ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენას შეეხება.

ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. (მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს) 

ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100,000 ლარისა.

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით (ბრუნვის გადასახადი) ნაცვლად დღეს არსებული 5%-ისა.

მცირე ბიზნესისათვის შენარჩუნდება უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. კერძოდ, საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და არავითარი სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება მცირე ბიზნესს არ ექნება.

მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები.

გადასახადის დეკლარირება/გადახდა მოხდება ყოველთვიურად და მცირე მეწარმეებისათვის გაუქმდება მიმდინარე (ე.წ. საავანსო) გადასახდელების გადახდის ვალდებულება.

მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად და შესაბამისად, ჩაითვალონ დღგ ან უკან დაიბრუნონ ავტომატურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს (1%) მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი.  

ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.

მცირე მეწარმეობის განვითარების წახალისებისთვის გათვალისწინებული საგადასახდო შეღავათების გარდა, საგადასახადო კოდექსში, ასევე, ინიცირებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.

ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების (საქველმოქმედო, სსიპ-ები და ააიპ-ები) დაბეგვრა 2019 წლიდან განხორციელდება მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელის (განაწილებული მოგების გადასახადის მოდელის) პრინციპებით, რაც ფაქტობრივად ნიშნავს მათ განთავისუფლებას მოგების გადასახადისგან, რადგან ისინი  მოგებას არ ანაწილებენ.

2017 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გადახდილი ავანსი. შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ითი დაბეგვრის სპეციალური ნორმები ფაქტობრივად აღარ გამოიყენება. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ითი დაბეგვრის სპეციალური ნორმები.  ამასთან, ამ კანონპროექტის ამოქმედებამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის საკითხის დარეგულირების მიზნით,  შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსის გარდამავალ დებულებებში.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა დღგ-ისგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით. აღნიშნული ცვლილება ხორციელდება საქართველოდან მომსახურების ექსპორტის  და  საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების განვითარების სტიმულირების და ევროდირექტივასთან ჰარმონიზაციის მიზნით.

იმპორტიორს უფლება ეძლევა დადგენილი წესით დაიბრუნოს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე გადახდილი აქციზის 100%-ის ოდენობა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალების აქციზისაგან სრულად გათავისუფლდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. კერძოდ, ითვალისწინებს შეღავათის დაწესებას აქციზის ნაწილში და შესაბამის დაცვის მექანიზმებს, რათა არ მოხდეს მისი არაკეთილსინდისიერი გამოყენება.

2023 წლის 1 იანვრამდე  გადავადდება მოგების გადასახადის ახალ მოდელზე (განაწილებულ მოგების გადასახადის მოდელზე) გადასვლა საფინანსო სექტორისთვის - ბანკები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო ორგანიზაციები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები. აღნიშნული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებს შეუნარჩუნდებათ მოგების გადასახადით დაბეგვრის დღეს მოქმედი მოდელი.

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს“, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება.

 საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. 

(NS)