8 °C თბილისი, საქართველო | 2018-11-17  
09:18:22

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა გაიხსნა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

სახელმწიფოს ხელშეწყობით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა - „შპს მზა ჩითილი“ გაიხსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად  1 142 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 442 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

მეურნეობაში, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 30 მილიონი ერთეული ჩითილის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

სასათბურე მეურნეობა  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა და ქვემო-ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, ზაურ დარგალმა გახსნეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.

სასათბურე მეურნეობა 11 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული სადაც  გამოჰყავთ ბოსტნეულის - პომიდორის, ბადრიჯნის, წიწაკის, სალათის ფოთოლის, ნესვის, საზამთროს, კომბოსტოს, ნიახურის (ჩვეულებრივი და დამყნობილი) ჩითილები.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფერმერები, რომლებიც ითანამშრომლებენ აღნიშნულ საჩითილე მეურნეობასთან, ისარგებლებენ აგრონომების დახმარებით, რომლებიც გაუწევენ პროფესიულ დახმარებას, რათა მიიღონ უხვი და მაღალი ხარისხის პროდუქცია.

2013 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, არაერთ მიზნობრივ პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 845-ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც  უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

(NS)