24 °C თბილისი, საქართველო | 2018-09-20  
16:56:01

ფერმერებს საშუალება ექნებათ, სოფლის მეურნეობის ტექნიკის შესაძენად აგროკრედიტითა და აგროლიზინგით ისარგებლონ

By: Admin
2018-09-07 12:37:26
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ სოფლის მეურნეობის ტექნიკის დაფინანსების შესახებ მნიშვნელოვანი დადგენილება მიიღო.

დავითაშვილის თქმით, საქართველოში ფერმერებს ყველაზე მეტად სწორედ მექანიზაცია სჭირდებათ, თუმცა ახალი,  ძვირადღირებული სოფლის მეურნეობის ტექნიკა, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. დავითაშვილის განმარტებით, მთელი საქართველოს მასშტაბით  თანადაფინანსების შესაძლებლობა იქმნება. კერძოდ, ფერმერს  საშუალება ეძლევა, აგროკრედიტითა და აგროლიზინგით ისარგებლოს:

„ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც რამდენიმე ხანი მუშაობდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც საქართველოში ფერმერებს გააჩნიათ, ეს უკავშირდება მექანიზაციას და მექანიზაციის ხელმისაწვდომობას. იცით, რომ ახალი მექანიზაცია საკმაოდ ძვირადღირებული, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია და ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენ ამ კუთხით კოოპერატივების მიმართულებით გქვონდა და ხდებოდა გარკვეული თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ეს არის უნივერსალური პროექტი, რომელიც დაფარავს მთელ საქართველოს, ყველა ფერმერს, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ აგროკრედიტით და აგროლიზინგით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ  ხელისუფლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულება არის კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდა და ფერმერებისთვის საშუალების მიცემა,  თავიანთი კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდონ.

რაც შეეხება პირობებს, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს არის 7 ათასიდან მილიონ ლარამდე კრედიტის, ან ლიზინგის ფარგლებში თანადაფინანსება.

„თანადაფინანსება აგროკრედიტის ფორმებში ეს არის 11%, ლიზინგის ფარგლებში ეს არის ჩვენი მხრიდან წლიური 12%, საპროცენტო განკვეთის თანადაფინანსება. ამავე დროს განსაზღვრულია გარკვეული ზედა ზღვრები იმისთვის, რომ საკმაოდ მაღალმა საფინანსო ინსტიტუტებმა, ზომიერზე მეტი ზღვარის ფარგლებში მეტი საპროცენტო განაკვეთით არ გასცენ ლიზინგის, ან დაკრეტიდების ხელშეკრულებები. ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა და ფერმერები საკმაოდ დიდი ხანია ელოდებოდნენ. ჩვენ გქვონდა ინიცირებამდე კონსულტაცია ბევრ ბიზნეს ასოციაციასთან, ფერმერებთან. პროგრამაში პირობები შეჯერებულია. ვფიქრობ, ეს სრულიად შეცვლის ჩვენს სოფლის მეურნეობას მექანიზაციით აღჭურვის კუთხით. ეს უკავშირდება როგორც გამწევ ტექნიკას, ისე იმპლემენტებს, ისე მოსავლის ამღებ ტექნიკას”,-განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით,  პროექტში არის ერთი დათქმა, რომ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პერიოდში მექანიზაციის ქვეყნიდან გასვლა  შეზღუდულია.

„ იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას ის პოტენციალი, რომელიც გვჭირდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 მინისტრის თქმით, ზოგადად აგროკრედიტის და აგროლიზინგის პროექტის ბიუჯეტის მოცულობა  50 მლნ ლარია.

„ეს გულისხმობს სხვა მიმართულებებსაც და ამ თანხის ნაწილი მოხმარდება მექანიზაციის დაფინანსებას”,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 დადგენილება ძალაში 1 თებერვალს შედის.