17 °C თბილისი, საქართველო | 2018-05-24  
06:04:51

საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, - ამას ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელიც 23 იანვარს საქართველოს ტექნოპარკში გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, „The Creative Business Cup Foundation"- ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რასმუს თშერინგმა და და „Creative Business Cup Georgia"-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გელა სულმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების კონკურსის დასკვნითი ეტაპი და ინვესტორთა ფორუმი ჩატარდება. კონკურსი, რომელსაც დანიური „The Creative Business Cup Foundation"-ი 2012 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად გამოავლენს სხვადასხვა სფეროში გამარჯვებულ მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს. მიმდინარე წელს პირველად გადაწყდა, რომ კონკურსი ერთ კონკრეტულ სექტორში - მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიაში ინოვაციური სტარტაპების გამოსავლენად ჩატარებულიყო, ფინალური ეტაპის გამართვის ადგილად კი საქართველო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება შეირჩა.

მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს ტექნოპარკში, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და სტარტაპერების წინაშე გაიმართა. მოკლე მისალმებაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში შემოსავლების გენერირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით, ინოვაციური პროექტების განხორციელებას. მან მაგალითად მოიყვანა რამდენიმე ტექნოლოგიური სტარტაპი, რომლებმაც მასპინძლობის ინდუსტრიაში დიდი ცვლილება განახორციელეს. „ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ქართულ სტარტაპებს დიდი პოტენციალი გააჩნიათ არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ტექნოპარკში ასევე მოისმინეს ქართველი სტარტაპერის გუჯა ნარიმანიშვილის პრეზენტაცია მისი და მისი მეგობრების სტარტაპის მობილური ტურისტული აპლიკაციის „Travel guide" შესახებ. გარდა ამისა, ღონისძიების ყველა მონაწილეს შეეძლო, გაცნობოდა ქართული კომპანიის "VREX Immersive"-ის მიერ შექმნილ ინოვაციურ პროტოტიპს. აღნიშნული მოწყობილობა პოტენციურ ტურისტს შესაძლებლობას ჯერ ვირტუალურად იხილოს მისთვის  მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება და შემდეგ ისე იყიდოს ტურისტული პაკეტი. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მალე მსგავსი ვირტუალური რეალობის მოწყობილობები საქართველოს ტურიზმის  საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება.

ღონისძიებას საქართველოს ტექნოპარკში დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე და ბიზნესმენი საბა კიკნაძე.

აღსანიშნავია, რომ "CB Foundation"-ი ყოველწლიურად ნოემბერში მართავს კრეატიული სტარტაპების დიდ საერთაშორისო ღონისძიებას „Creative Business Cup", რომელშიც 65-ზე მეტი ქვეყნის სტარტაპი, წამყვანი საერთაშორისო კომპანიები და ინვესტორები მონაწილეობენ.

მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, გაიმართება მასტერკლასები, სწავლებები (ბუტკემპი), პროექტთა კონკურსი და საინვესტიციო ჩვენებები. ფორუმზე მოწვეულ ადგილობრივ და საერთაშორის ბიზნესს საშუალება მიეცემა, დააფინანსოს საინტერესო პროექტები  და მოახდინოს მისი საერთაშორისო იმპელემენტაცია.