17 °C თბილისი, საქართველო | 2019-05-23  
23:31:18

სოსოს არჩვაძე - უფრო მეტი ყურადღება ეკონომიკური ზრდის ფაქტორს ექცევა, ვიდრე ვალუტის სტაბილურობას

By: Admin
2018-09-07 12:44:05
204

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე ლარის კურსის დევალვაციის ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ასახელებს.

როგორც არჩვაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საარჩევნო კამპანია გავლენას ახდენს არა მარტო საქართველოს ეკონომიკაზე, არამედ ისეთი დიდი ქვეყნების ეკონომიკაზე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.

„საარჩევნო წელს, სხვა წლებთან შედარებით უფრო განსხვავებული დინამიკა აქვს ინვესტიციებსაც, საქმიან აქტივობასაც და სხვა მაკროეკონომიკურ ინდიკატორებსაც. ამიტომ, არ შეიძლება, რომ არჩევნებს ლარის კურსზე გავლენა არ მოეხდინა", - განმარტა ექსპერტმა.

არჩვაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ლარის კურსზე გავლენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ მსხვილ ტრანზაქციას მოეხდინა.

"ლარის კურსის დევალვაციაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და მთავარია ამ ფაქტორებს შორის წონა როგორ არის განაწილებული. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით არის სეზონური ფაქტორიც. არ გამოვრიცხავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მეტნაკლებად მსხვილ ტრანზაქციას, რომელმაც თავისი გავლენა მოახდინა ლარის კურსზე. იმდენად მცირე ზომის ეკონომიკა გვაქვს, რომ აქ სულ მცირე რამდენიმე მილიონი დოლარის ტრანზაქცია, რომ შესრულდეს, ესეც კი, დიდ გავლენას ახდენს სავალუტო ბაზარზე. წლევანდელი თვის ლარის შეწონილი საშუალო კურსი, 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ სახელმწიფო კანონით, აღებულია 2.50 ლარის ფარგლებში. დიდი ხნის განმავლობაში, გვქონდა 2.50 ლარზე ნაკლები კურსი, ახლა თუ ექნება ადგილი ერთგვარ გადაჭარბებას, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ და მთლიანობაში შენარჩუნებული იქნება ის პარამეტრი, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა პარლამენტმა ბიუჯეტის დამტკიცებით", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

მისივე თქმით, დეტალური "დიაგნოზის" გაკეთება ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი და განმარტა, რომ პროგნოზისთვის, მოკლევადიანი ტრენდი უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

"ჯერ საკმაოდ დიდი დრო არ არის გასული ახალი გაუფასურებიდან. თვის ბოლოს გვექნება ცალსახა პასუხი, რა ემართება ლარს და სად მიემართება ის", - აღნიშნა არჩვაძემ.

კითხვაზე - ხომ არ უკავშირებს ლარის დევალვაციას სებ-ის მიერ კომერციულ ბანკებზე სესხების გაცემას, ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს ფაქტორი ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

"მახსენდება ქართული ანდაზა: წინ წყალი, უკან მეწყერი. სებ-მა თუ სესხები არ გასცა და ეკონომიკაში ფულის მასა არ გაიზარდა, ჩვენი ეკონომიკა დარჩება სტაგნაციურ და დაბალი ზრდის ტემპების რეჟიმში. თუ ფულის მასა გაიზარდა, ეს რა თქმა უნდა გამოაცოცხლებს სამეწარმეო აქტიურობას, მაგრამ ასევე ხელს უწყობს ინფლაციას და გარკვეული დოზით ვალუტის დევალვაციასაც. ამიტომ, ეს არის ბრძოლა იმაზე, თუ რა გვინდა ჩვენ: შედარებით მაღალი ზრდის ტემპები, თუ შედარებით სტაბილური ვალუტა. ამჯერად ეტყობა, რომ ეკონომიკური ზრდის ფაქტორს ეძღვნება უფრო მეტი ყურადღება. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომ ყურადღება მივაქციოთ არა მარტო შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ზრდა უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, ანუ საზოგადოების ფართო ფენები უნდა იყვნენ ჩართული ამ ეკონომიკურ ზრდაში. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ეკონომიკური ზრდის დიდი ნაწილი ხშირად მოდის იმ დარგებზე, სადაც დასაქმებულთა წილი არის შედარებით მცირე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკურ ზრდას აქვს ადგილი, მაგრამ თითქმის ყოველ მეორე დასაქმებულისთვის ეს ზრდა მის რეალურ მდგომარეობაზე არ ისახება. ამიტომ, გვინდა ისეთი ზრდა, რომელიც შეეხება საზოგადოების რაც შეიძლება მეტ წევრს. ჩვენ არ გვჭირდება ზრდა, რომელიც მხოლოდ ციფრებშია გამოსახული", - აღნიშნა არჩვაძემ.

ცნობისთვის, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 1 დოლარი დღეს, 2.5496 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, ლარმა მასთან მიმართებაში გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 1 ევროს ღირებულება დღეს 3.0111 ლარია.